ყველამ იცის, რომ ტაფაზე შეწვა არ არის საჭმლის მომზადების ყველაზე დიეტური მეთოდი, მაგრამ უგემრიელეს ხრაშუნა კატლეტებზე უარის თქმა ძალიან ძნელია! რატომ ვთქვათ უარი სიამოვნებაზე, როცა იმ შემთხვევაში, თუ სწორად შევწვავთ, კერძი ზიანს არ მოგვაყენებს? მე შემოგთავაზებთ ტაფაზე შეწვის ძირითად წესებს:
შეწვისთვის გამოიყენეთ სქელძირიანი ტაფა, უმჯობესია თუჯის, ფოლადის ან კერამიკის.
- ასეთ ტაფაზე სითბო თანაბრად ნაწილდება. თუ გამოცდილება არ გაქვთ და საკუთარ თავშიც არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ტაფა, რომლის ზედაპირიც არ იკრავს. მაგრამ გაითვალისწინეთ, ასეთ ტაფებს, ხშირად, თხელი ძირი აქვს და ძალიან მალე ხურდება.
შესაწვავად და მოსახრაკად გამოიყენეთ ისეთი ზეთი, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს.
- რაფინირებული მცენარეული ზეთი არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის (წაიკითხეთ ინტერნეტში რაფინირების პროცესის შესახებ, და თავად დარწმუნდებით). გამოიყენეთ არარაფინირებული მიწისთხილის ზეთი ან ზეითუნის „ექსტრა ვირჯინი”. ისინი 190° -მდე გაცხელებას უძლებს. ასევე კარგია ერბოში შეწვა. ერბო, ნაღების კარაქისგან განსხვავებით, არ დაიწვება მაღალ ცეცხლზე, მაგრამ ნიგვზის მსუბუქ არომატს მისცემს თქვენს კერძს.
თუ მოხრაკვას არ აპირებთ, ნუ დაასხამთ ტაფაზე ბევრ ცხიმს.
- ცხიმიანი ნაწილების შესაწვავად საკმარისია ტაფას უბრალოდ მოუსვათ ზეთი, ხოლო კატლეტებისთვის ცხიმის სისქე 2 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
შეწვამდე ტაფა მაღალ ცეცხლზე კარგად გაახურეთ.
- დაასხით ცხიმი და დააცადეთ სანამ გახურდება, სხვაგვარად ხრაშუნა ზედაპირი არ გამოგივათ და ტაფაც მიიკრავს. რომ გავიგოთ ტაფა გახურდა თუ არა, საკმარისია ხელი მის თავზე დავიჭიროთ, ზეთი ბოლს არ უნდა უშვებდეს, მაგრამ სიმხურვალისგან ხელის გაწევა უნდა მოგინდეთ. შებრაწეთ ნაჭერი ყველა მხრიდან, რომ შეწითლდეს, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს საშუალოზე დაბლა და გააგრძელეთ შეწვა. პერიოდულად ამოაბრუნეთ. თუ ნაჭერი ძალიან მსხვილია, შებრაწვის შემდეგ დაახურეთ ტაფას თავსახური და დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მომზადება.
თუ დიდი რაოდენობით ხორცს წვავთ, თითოეული პარტიის შემდეგ მოასუფთავეთ ტაფა ნარჩენებისგან და ზეთი გამოცვალეთ.
თუ მცენარეულმა ზეთმა ბოლი აუშვა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან გახურდა.
- შეგიძლიათ ჩაამატოთ ცივი ზეთი ან გადადგათ ცეცხლიდან ტემპერატურის დაწევამდე და ამის შემდეგ დადეთ ხორცი შესაწვავად.
ნუ დაალაგებთ ნაჭრებს ტაფაზე ძალიან მჭიდროდ.
- შეწვისას გამოყოფილი ორთქლი ართულებს ხორცის ზედაპირის შებრაწვას, ხოლო ამობრუნებისას ზიანდება ფქვილის/საფანელის საფარველი.
შეწვისას არ არის საჭირო ქათმის ხშირ-ხშირად ამობრუნება.
- ჩვეულებრივ, ამობრუნება მაშინ არის საჭირო, როცა ერთი მხარე თითქმის მზადაა. დაიმახსოვრეთ, ბოლომდე მოუმზადებელი ქათმის ხორცის ჭამა არ შეიძლება!