biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ღვიძლის პაშტეტი

პაშტეტის უამრავი რეცეპტი არსებობს: სტაფილოთი, სუნელებით, ერბოთი, მცენარეული ზეთით, ალკოჰოლით და მის გარეშე... მე კი თქვენთვის ყველაზე დიეტური ვარიანტი შევარჩიე. ამ პაშტეტის საოცარ გემოს ბევრი ცხიმი არ ანიჭებს, არამედ მოშუშული ხახვი, და რაც მთავარია ღვიძლის ხარისხი! 

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები (6 ულუფა):

1 კგ ქათმის ღვიძლი

3 დიდი ხახვი

5-6 სუფრის კოვზი ქათმის ცხიმი (ან ერბო)

1 ჩ/კ თხევადი თაფლი

100 მლ კარგი პორტვეინი ან სხვა მაგარი(დასპირტული) ღვინო

მწიკვი გახეხილი მუსკატის მარცვალი

მარილი, შავი და თეთრი პილპილი

ტოსტი ან ბაგეტი სუფრასთნ მისატანად

 

მომზადების წესი (მომზადება დაიწყეთ 13 საათით ადრე):

  1. ღვიძლს გააცალეთ შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მის ორ ნაწილს აერთებს. კარგად შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

  2. გაასუფთავეთ და ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი. ნახევარი ცხიმი გაადნეთ ტაფაზე და მოშუშეთ ხახვი ნელ ცეცხლზე, ონდავ გაოქროსფერებამდე, ისე, რომ არ დაგეწვათ. დაახლოებით 15 წუთის მანძილზე.

  3. დანარჩენი ცხიმი გააცხელეთ სქელძირიან ქვაბში და შეწვით ღვიძლი ნაწილ-ნაწილ, ისე, რომ ყველა გვერდი მსუბუქად გაუყავისფრდეს (შიგნიდან უმი უნდა დარჩეს). შემწვარი ღვიძლები გადაიტანეთ თბილ თეფშზე და შეწვით შემდეგი პარტია. შეწვისას ფრთხილად იყავით: ღვიძლი მაღალ ტემპერატურაზე სკდება და წვენი ცხიმთან ერთად შიშხინს იწყებს, ამიტომ წვის დროს ეცადეთ ქვაბს თავზე დააფაროთ სპეციალური ბადე თავსახური ან უბრალოდ ფოლგა.

  4. როცა ღვიძლს მთლიანად შეწვავთ, ჩააბრუნეთ ქვაბში თავისივე წვენთან ერთად, დაუმატეთ პორტვეინი და შუშეთ 2 წუთით.

  5. დაუმატეთ მოშუშული ხახვი, თაფლი, მუსკატი, მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და შუშეთ 3-4 წუთი ყველაზე დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და დააცადეთ კერძს 30 წუთი, რომ ქვაბშივე გაგრილდეს.

  6. ათქვიფეთ პაშტეტი ბლენდერით ან სამზარეულოს კომბაინში თქვენთვის სასურველ კონსისტენციამდე.

  7. გადაიტანეთ პაშტეტი შესანახ კონტეინერში და 12 საათით შედგით მაცივარში. სუფრასთან მიიტანეთ ცივი პაშტეტი ცხელ ტოსტის პურთან ან ბაგეტთან ერთად.


Notice: Undefined variable: product_query in /home/biobio/public_html/modules/recipes/includes/inner_part.php on line 62
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ქათმის გულ-ღვიძლი გაყინული
biobio.ge