როგორც იცით, ჩვენი სახელი ბიო-ბიო აღნიშნავდა ქათმის მოძახილს ქართულ სოფლებში. ქართველი დიასახლიები ასე მოიხმობენ შინაურ ფრინველს საკვებად. ეს მოძახილი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სოფლებშია გავრცელებული, ისევე, როგორც, მაგალითად, ძიბა-ძიბა და ა.შ.
ბრენდის კონცეფცია და კრეატიული პლატფორმა მთლიანად აგებულია ამ იდეაზე, რომ პროდუქტის სახელი ნიშნავს ქათმის საკვებად მოხმობას, საკვებად კი ქართულ სიმინდს ვიყენებთ.
ამ კონცეფციითვე შეიქმნა ჩვენი მასკოტი ბებია, რომელიც ბიო-ბიო-ს მოძახილით იხმობს ქათმებს, და ქართული სიმინდით კვებავს. ამ ვიზუალს ვიყენებთ ჩვენს შეფუთვების დიზაინში, ვებსაიტზე, სატელევიზიო რგოლში და ზოგადად, ნებისმიერი სარეკლამო აქტივობისთვის.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კომპანიებს შეეზღუდათ ბიო, ეკო, ამ სიტყვების ნებისმიერი კომბინაციის გამოყენება პროდუქტის ეტიკეტირებისას.
იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი ბრენდის არსი და რაობა, ჩვენ მოვძებნეთ არსებულ სახელთან ჟღერადობით მაქსიმალურად მიახლოებული მოძახილი, რომელსაც მთიან საქართველოში, კერძოდ ხევსურეთის სოფლებში იყენებენ, ეს არის ბიუ-ბიუ.
შესაბამისად, ჩვენი ქათმის ხორცპროდუქტები ბაზარზე ახალი სახელით გამოვა: ბიუ-ბიუ - ქართულ სიმინდზე გაზრდილი!